სად მიდის კახეთის გუბერნატორი
რეგიონის პირველი პირი გაზეთ ,,კახეთის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ,,რთველი-2014-ის” შედეგებს აჯამებს, ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და რეგიონში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.
ერევა თუ არა ირაკლი შიოლაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
-ჩვენი საუბარი რთველის საკითხით დავიწყოთ. თქვენი შეფასებით, რატომ უწოდეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მევენახეების ნაწილმა მას ყველაზე მოუწესრიგებელი და არაორგანიზებული?
-მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემთვის პატივია, რომ თქვენი მეშვეობით მათ ვესაუბრები. არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას ამბობდა რთველთან დაკავშირებით, თვითონ დავდიოდი ყოველ საღამოს ღვინის ქარხნებში და ადგილზე ვამოწმებდი არსებულ მდგომარეობას. ვესაუბრებოდი გლეხებს, ხშირ შემთხვევაში, რთველშიც ვმონაწილეობდი, მათთან ერთად ვკრეფდი ყურძენს და დამერწმუნეთ, რომ მე იქ არც ერთი ოპოზიციონერი არ მინახავს.
რთველი წელს საკმაოდ მარტივად აეწყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ამ სიმარტივეშიც სირთულეს ვაწყდებოდით და გეტყვით, რატომ. ფერმერი და გლეხი უნდა მისულიყვნენ სოფლის რწმუნებულთან, რომლის მითითებებით, ყურძენი კვოტის ფარგლებში უნდა დაეკრიფათ, იმიტომ, რომ არ დამდგარიყო რიგები ღვინის ქარხნებთან, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც გლეხი არავის არაფერს უთანხმებდა, თვითონ კრეფდა ყურძენს და დაატარებდა საწარმოდან საწარმოში, ყოველგვარი ცნობისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე. ქარხნებს კი, ტექნიკური პირობებისა და გადავსებული რეზერვუარების გამო, მხოლოდ ლიმიტირებული ყურძნის მიღება შეეძლოთ. მათ, ვინც ჩვენი თამაშის წესები კარგად გაიგეს და ასეთი გლეხების 99 პროცენტი იყო, უპრობლემოდ ჩააბარეს ყურძენი. ჩვენ იმ 1 პროცენტსაც დავეხმარეთ და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილა.
-საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ ყველა ქარხანა არ იბარებდა ყურძენს და სწორედ ამიტომ იყო რიგები ღვინის ქარხნებთან.
– ქარხნებს არ ვავალდებულებდით, ჩაებარებინა ყურძენი. წელს საწარმოს რამდენიც სურდა, იმ რაოდენობის ყურძენს და იმ ფასად იბარებდა. ამ პროცესებს კი ბაზარი არეგულირებდა. ერთი ფერემერი ან გლეხი მაინც დამისახელეთ, რომელსაც თუნდაც დასეტყვილი ყურძენი დარჩა ჩაუბარებელი. ვაჟკაცობა სწორედ ის არის, როდესაც გაფუჭებულ ყურძენსაც ჩაიბარებ და გადაამუშავებ. დიახ, წელს იყო პირველი რთველი, როდესაც 120 000 ტონაზე მეტი ყურძენი მოიკრიფა და რომლის შემოსავალმაც 160 000 ლარს გადააჭარბა. ბედნიერი ვარ იმით, რომ სწორედ წარმატებული რთვლიდან გამომდინარე, კახეთში 4000 ჰექტარზე ახალი ვენახი გაშენდა, მაშინ, როდესაც წინა წლებში ვენახი იჩეხებოდა და სახელმწიფო გლეხს აქეთ აძლევდა 2000 ლარს იმისთვის, რომ ვაზი გაეჩეხა. წელს ქართველმა გლეხმა დაიბრუნა თავისი ძირძველი საქმე, რასაც მევენახეობა ჰქვია.
-რამდენად დამოუკიდებელია კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა? მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმმართველი თემი თელავისა და ქალაქის საკრებულოების თავმჯდომარეები კონსულტაციებს თქვენთან გადიან.
-თვითმმართველობა და გუბერანატორი რომ ერთამენეთს არ უნდა ელაპარაკებოდნენ, ასეთი რამ არსად თქმულა. პირიქით, ერთად მუშაობაა საჭირო და ვმუშაობთ. თვითმმართველობის საკითხებში გუბერნატორი არ ერევა, ხოლო, რაც შეეხება რთველს, წყალმომარაგებას, ამ და სხვა საკითხებზე, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაა საჭირო, კონსულტაციებს ერთად გავდივართ. თუ ვიღაცას უნდა, რომ გამგებელი გუბერნატორთან არ შევიდეს, ამის პირობას ვერავის მივცემ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და საერთო ჯამში, მოსახლეობას ერთად ვემსახურებით.
–გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ, თქვენს დაპირებას, ქალაქის წყლით მომარაგების 24ჶსაათიანი გრაფიკი წარმოადგენდა, რომელიც არაერთხელ შეგახსენათ ,,ახალი მემარჯვენეების“ ადგილობრივმა ლიდერმაც. ნიკოლოზ ვარდოშვილმა განაცხადა, რომ, თუ 31 დეკემბერს თელავში წყლის 24საათიანი გრაფიკი არ იქნება, თქვენ უნდა გადადგეთ. რამდენად რეალური იყო თქვენი დაპირება და რას იტყვით ამასთან დაკავშირებით დღეს?
-ერთხელ უკვე დამისვეს კითხვა ნიკოლოზ ვარდოშვილთან დაკავშირებით და მას უკვე ვუწოდე ,,ჭორიკანა ბავშვი”, რადგან რეალურ საქმეებთან ის ახლოსაც არ არის. სამწუხაროდ, როგორ შენდება და კეთდება ყველაფერი, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ლოგიკური აზრი არ გამოუთქვამთ. ვარდოშვილი დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ სხვისი ნაკეთები საქმეების გაკრიტიკებას მიჰყოს ხელი. ასეთ სუბიექტებს ყურადღებას ვერ მივაქცევ.
რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხს, როდესაც გუბერნატორად დავინიშნე, რეგიონის ცენტრალური ქალაქებიდან მხოლოდ დედოფლისწყარო იყო, სადაც თავის დროზე, ჩემი გამგებლობის პერიოდში 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემის გამართვა შევძელით. დანარჩენ 7 ქალაქში, ხშირ შემთხვევაში, წყლის 2ჶ3 საათიანი გრაფიკი იყო, ამიტომ ნომერ პირველ პრიორიტეტად წყალმომარაგების პრობლემის გაუმჯობესება დავისახე. ამას კი გარკვეული დრო სჭირდებოდა, რომ ეფექტურად გვემუშავა ჩვენ, წყალმომაარგების კომპანიას, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულ ორგანიზაციებს და ა. შ. რამდენიმე ხანში განვაცხადე და ვთქვი, რომ დიახ, სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგად, ,,მსოფლიო ბანკმა” კახეთს გამოუყო 40 მილიონი ლარი, თუმცა გამოყოფა ერთია, ათვისება – მეორე. შესაბამისი პროექტები შედგა ყველა, შვიდივე ქალაქში. პროექტების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით იწყება ტენდერის გამოცხადება, რომელიც ელექტრონულად ხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ,,მსოფლიო ბანკის” მიერ იყო გამოყოფილი თანხა, ტენდერის ვადებს თვეზე მეტი დასჭირდა. დღეს სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების სტადიაში ვართ და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დასრულდება, მშენებლობის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთი წლის ვადაში შესაძლებელი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგების მიღება. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც 1 წელზე ვსაუბრობდი. ვისაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან უმუშავია, ეს პროცესი კარგად იცის. სამწუხაროა, რომ ასეთი დაბალკვალიფიციური ოპოზიცია გვყავს.
-ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეჩერდა დაწყებული პროექტები მაგალითად ინფრასტრუქტურის კუთხით, რა კომენტარს გააკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
-ერთი დღე მაინც მითხარით, როდესაც ჩვენს სოციალურ გვერდზე არ დაიდო რომელიმე მშენებარე ობიექტის გახსნის ფოტოკოლაჟი. მარტივ სტატისტიკას გეტყვით: შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა 74 ახალი ქარხნის კონკრეტული მისამართი.
აღმოჩნდა, რომ აქედან 32 მთავრობის დახმარებით, კახეთშია აშენებული. ჩვენი რეკომენდაციით და იაფი კრედიტების მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტების კუთხით კი, კახეთმა სხვა რეგიონებს აჯობა.
ამის გარდა, რამდენი ახალი ქარხანა გავხსენით პირდაპირი ინვესტიციით, რამდენი მილიონი ლარის სამუშაოები მიმდინარეობს. წელს მხოლოდ 40 მილიონი ლარია გამოყოფილი წყლის საკითხის გადაწყვეტაში; რამხელა სამუშაოები მიმდინარეობს გურჯაანში, ახმეტაში; კეთილმოეწყო საბავშვო ბაღები, საგარეჯოში ახალი სკოლა შენდება, 80 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა; ,,სოფლის დახმარების პროგრამით” გამოყოფილ თანხას ერთი იმდენი დაემატა; სოფლებში, სადაც ჭაბურღილი არ იყო, ჭაბურღილებს ვდგამთ; სადაც სტადიონები არ იყო, სტადიონებს ვაკეთებთ; სადაც კანალიზაციის პრობლემა იყო, კანალიზაციის პრობლემას ვაგვარებთ. გაკეთებულ საქმეს ვისაც სურს, ხედავს კიდეც. ეს ზოგადი პრობლემა, დღეს სატელევიზიო ეთერი, პირველი 20 წუთის განმავლობაში, ეთმობა იმას, თუ ვინ ვის რა აწყენინა, ვინ ვის რა მოჰპარა და ა. შ. ეს ადრეც იყო, თუმცა საინფორმაციო გამოშვებები ამით არ იწყებოდა. გადაცემები იმით იწყებოდა, თუ კარგი რა გაკეთდა.
-ფიქრობთ, რომ დღევანდელ ხელისუფლების ერთერთ პრობლემად საზოგადოებასთან არაეფექტური ურთიერთობა რჩება?
პიარი არის ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა, რომ რასაც ვაკეთებთ, ის მოსახლეობამდე მივიტანოთ. მინდა, რომ თქვენი გაზეთის მკითხველს ვთხოვო, გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდი მოიწონოს.
როცა სახელმწიფო რაიმე სახის ობიექტს აშენებს, აუცილებელია, ჰქონდეს შესაბამისი ფული, ბიუჯეტში მოიძებნოს შესაბამისი თანხა. შემდეგ იწყებ პროექტის შეძენას, რომელსაც რამდენიმე თვე სჭირდება. ცხადდება ტენდერი, რომელიც შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს. დედოფლისწყაროში ,,ქოჩების ტბის” რეაბილიტაცია რომ უნდა დაწყებულიყო, წინა ხელისუფლებამ 2 ტრაქტორი გაატარა. ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში არც შესაბამისი პროექტი იყო, არც ფული. ანალოგიური ხდებოდა ლაგოდეხშიც, სადაც იუსტიციის სახლი უნდა აშენებულიყო და სადაც მხოლოდ ორმო ამოთხარეს. ეს იყო წინასაარჩევნო, დიდი ტყული. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ პროექტებს მაინც დავასრულებთ. იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 50 მილიონ 500 ათასი ლარი, ,,ქოჩების ტბის”ობიექტის პროექტიც შედგება, დასრულდება ყველა სხვა დაწყებული პროექტიც, მათ შორისაა თელავის რებილიტაციის გეგმაც. არც ერთ თელაველს არ მოწონს ის, რაც ქალაქში გაკეთდა, თელავის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხის ეფექტურად დახარჯვის თვალსაზრისით. 60 მილიონი ლარი დაიხარჯა ქალაქში, სადაც წყალმომარაგების 2საათიანი გრაფიკი არსებობდა და სადაც კანალიზაცია არ არის. რამდენიმე თვეში ქვაფენილი აიყარა, შენობების კედლები ჩამოიშალა, მოსახლეობას სახურავებიდან წყალი ჩასდიოდა. მშენებლები, რომლებიც ამ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, ამბობდნენ, რომ მათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ედგნენ თავზე და ეუბნებოდნენ, რომ ნათურებს მოიტანდნენ, 24 საათის განმავლობაში იმუშავებდნენ და ობიექტს, ხარისხის მიუხედავად, კონკრეტულ, მოკლე ვადაში ჩააბარებდნენ. შემდეგ ვიღაც მოვიდოდა და ლენტს გაჭრიდა.
-როდის დასრულდება თელავის რეაბილიტაცია?
2015 წლის ბიუჯეტში თელავის რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის, მაგრამ თუ დამატებითი თანხა გამოჩნდება, შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის დაზიანებულ ადგილებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდეს.
დღეს ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს გაასკეთებელი, მათ შორისაა: ერეკლეს სასახლე, თეატრის მიმდებარე ტერიტორია. თელაველებს არ მოსწონთ თეატრის ბოძები, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე თეატრის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყოს.
-არაერთხელ საუბრობდნენ თქვენს დაწინაურებაზე. უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ სამსახურის შეცვლას?
ეს გადაწყვეტილება გუბერნატორის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს კახეთის გუბერნატორის რანგში, არანაკლებ დატვირთული, ვიდრე მინისტრებს. ძალიან საპასუხისმგებლო რეგიონი მაბარია.
ამაყი ვარ იმით, რომ კახეთის რეგიონი ეკონომიკურ პროცესებში გამწევი ძალაა და მოწინავე რეგიონია. მე რიგითი ჯარისკაცი ვარ, რომელმაც ის ბრძანება უნდა შეასარულოს, რომელსაც მიიღებს. ამ შემთხვევაში სამსახურს ვგულისხმობ. თუ ხვალ მექნება დავალება გარკვეული მიმართებით, ამაზე უარს ვერ ვიტყვი. პირველ რიგში ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ვემსახურები. კახეთში ბევრი პროექტი მაქვს დასასრულებელი, მაქვს იდეები და გული დამწყდება, თუ კახეთიდან წავალ.