სტორის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელისა (CENN) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილია ხეობაში სკამების, მაგიდების, ნაგვის ურნების დადგმა და ტიპიური საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილების გამოყოფა. გარემოს დაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე სტორის კალაპოტის სიგრძეზე არსებული რეკრეაციული ადგილების მოწყობა. კახეთის რეგიონში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორ კახა სუხიტაშვილის თქმით, მდინარე სტორი ალაზნის ყველაზე წყალუხვი შენაკადია და ხეობა ბიომრავალფეროვნებით, ეკოლოგიური და ტურისტული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
-,,ხეობას აქვს ის დანიშნულებაც, რომ აქ გადის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა. ზაფხულობით ამ გზით უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სარგებლობს. ჩვენ ვიყავით ამ ხეობაში და დავათვალიერეთ, აღვწერეთ ყველა რეკრეაციული ადგილი, ავიღეთ მისი კოორდინატები, შევადგინეთ რუკა და გადავწყვიტეთ, შევარჩიოთ რამდენიმე წერტილი და იქ მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი ხორციელდება CENN -ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სატყეო სექტორში გამჭვირვალეობის პრინციპის დამკვიდრება და სატყეო სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. პროექტი საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება. აღნიშნული ადგილის პოპულარიზაციისთვის და გასაცნობად, ჩვენ უკვე განვახორციელეთ კოლექტიური საველე გასვლა, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. გვინდა, ყველა დაინტერესებული მხარე ამ პროცესში ჩაერთოს და თავისი აზრი გამოთქვას, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, სუფთა რეკრეაციული ადგილი. ‘’
კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, აუცილებელია მისი მოვლა-პატრონობა, რომელიც თავისთავზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ ან თემმა უნდა აიღოს. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკამების, მაგიდების, ნაგვის ურნების დადგმა და ტიპიური საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილების გამოყოფა.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მდინარე სტორის სტიქიური რეკრეაციული ადგილების შესახებ საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა, ფონური აღწერა, კოორდინატების აღება და ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ხეობის რეკრეაციული პოტენციალის შეფასება და დაინტერესებული მხარეების ინფორმაციული უზრუნველყოფა.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარ სპეციალისტ გიგი ალექსიძის თქმით, საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტია. სახელმწიფოს მიზანიც ეს არის, რომ ტყეების მართვა განვითარდეს. სტორის ხეობაში კი, სარეკრეაციო ადგილების განვითარება გახდება წინაპირობა, რომ ხელი შეეწყოს ტყეების მდგრად მართვას.”
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ავთანდილ მიქაბერიძის თქმით, რეკრეაციული ზონის მოწყობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასაც.
,,ახლა ტერიტორია მოუვლელია, დაბინძურებულია და გასუფთავება სჭირდება. ამ ადგილს მოვლა და პატრონობა უნდა. Aაუცილებელია, შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე, საქეიფო ადგილები მოწესრიგდეს, ასევე აუცილებელია ბილიკების მოწყობაც, უნდა დაიგეგმოს მარშრუტები, დაიბეჭდოს ბროშურები, გაუკეთდეს რეკლამირება აღნიშნულ ტერიტორიას და მოეწყოს სათანადოდ. გარდა ამისა, უნდა ჰყავდეს თავისი მცველიც, რომ ვინმემ არ დააზიანოს.’’
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა ლაგაზიძე არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას დადებითად აფასებს. მისი თქმით, თუშეთისკენ მიმავალი გზას ერთ სეზონზე 8 ათასი ვიზიტორი გადის, რომელთაგანაც 40% უცხოელია, ამიტომ მოწესრიგებული უნდა იყოს.
,,გზაზე უნდა იყოს ბენიზნგასამართი სადგური. მე ხშირად მინახავს შუა გზაში გაჩერებული მანქანები. გარდა ამისა, არ არის მაღაზია, რომ ტურისტმა რამე შეიძინოს, ფული დახარჯოს. მთავარია, ყველაფერი კარგად დაიგეგმოს, რომ არ დამახინჯდეს ის სილამაზე, რომელიც ტურისტებს ასე იზიდავთ’’,- ამბობს ზაზა ლაგაზიძე.