ახალი ამბები

ბიზნესომბუდსმენი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის კანონპროეტის შეცვლას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენის აპარატს არასწორად მიაჩნია პროექტის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენით დაინტერესებულ პირზე დადებითი რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის საკრებულომ ან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გასცეს.
ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას განცხადებით, საკუთრების უფლების შეძენის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერს წარმოადგენს. ამასთან, უწყებაში შენიშვნები აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის მაქსიმალური, ზღვრული ოდენობის (100 ჰა) დადგენის შესახებ.
„მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური ლიმიტის დაწესება, დააბრკოლებს სოფლის მეურნეობის სფეროში ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას, რომლისთვისაც 100 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა ეკონომიკურად გაუმართლებელი და არასაკმარისია”, – განმარტავს ბიზნოსომბუდსმენი, გიორგი გახარია. 
უწყებისთვის არ არის მისაღები არც ის მუხლი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის შესყიდვა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას აგრარულ სფეროში 5-წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული. ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, დამატებითი მოთხოვნების დაწესება გაართულებს გამოცდილი ინვესტორის საქართველოში შემოსვლას და მის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას.
ამასთან კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები საქართველოში ვერ შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას.
„მიგვაჩნია, რომ მესაკუთრეთა წრეში, გამონაკლისის სახით, გათვალისწინებული უნდა იქნას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFIs), რათა შესაძლებელი გახდეს მათი მხრიდან საქართველოში მსხვილი აგრარული პროექტების დაფინანსება. ასეთი ინსტიტუტებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), მსოფლიო ბანკი (IFC), ევროპის განვითარების ბანკი (EIB) და სხვა”,- აცხადებს გიორგი გახარია.