ახალი ამბები

ირაკლი ალასანია – პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა

ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ნახევარი საათის წინ მივიდა. იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ ინსტიტუციებს პატივს სცემს და იმავე შინაარსის განცხადებით ვერ უპასუხებს. ალასანიამ მთავრობის მეთაურს ურჩია, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მისთვის მთავრობასთან ერთად გატარებული პერიოდი ძვირფასია. 
“ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირი კორექტულობას გასცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვს, სახეს არ კარგავენ, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ერთად გავლილი პერიოდი, ჩემს კოლეგებთან, მთავრობასთან ერთად. ბუნებრივია, მე მადლიერი ვარ იმის, რაც ერთად გავაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკამ და პროკურატურის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი გზები გაყო. მე ყველას მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მე მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ. მე პატივს ვცემ ინსტიტუციებს და აქედან გამომდინარე მინდა, უბრალოდ მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს, უბრალოდ ეს არის არასწორი საზოგადოების მიმართაც, ჩემს მიმართაც და ბუნებრივია თავისი კოლეგების მიმართაც, რომელთა თვალში დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მისი განცხადება არ აღიქმებოდა პოზიტიურად”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას “ავანტურისტი”, “უჭკუო” და “ამბიციური” უწოდა. ღარიბაშვილმა ალასანიას „ნაციონალური მოძრაობის“ ღიად ლობირებასა და მფარველობაშიც დასდო ბრალო. 
4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ირაკლი ალასანია საგამოძიებო ორგანოებს დაუპირისპირდა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზებას ცდილობდა.