ახალი ამბები

პრემიერი ალასანიაზე – ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას “ავანტურისტს”, “უჭკუოსა” და “ამბიციურს” უწოდებს. ღარიბაშვილმა ალასანიას „ნაციონალური მოძრაობის“ ღიად ლობირებასა და მფარველობაშიც დასდო ბრალო. 
„მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება – ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა “ნაციონალებს” იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ ეშინია და მთავრობა წინააღმდეგობებს მარტივად გადალახავს. 
“ბიზნესიც შეშფოთებულია და აინტერესებს, რაიმე ხომ არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტურებისაც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებული, დიდ შეცდომას ჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ჩადენილ შეცდომასთან. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლება და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში. ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე, მათ პარლამენტში ეყოლებათ მყარი უმრავლესობა და მთავრობა კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს მუშაობას. 
“მეორე მხრივ, ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განმარტა ღარიბაშვილმა.
4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბასვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია საგამოძიებო ორგანოებს დაუპირისპირდა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზებას ცდილობდა.