ახალი ამბები

რძისა და ყველის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება

ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც, ვთქვათ, ოჯახში ამოყვანილი ყველის ან შინ დამზადებული შაშხის გაყიდვას შეძლებენ, გარევაჭრობაა, რომელიც კანონით იკრძალება.
სასაკლაოებსა და ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებს 1-ლი იანვრიდან HACCP-ის სისტემის დანერგვის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ. რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა (Hazard Analysis and Critical Control Point) სავალდებულო არ იქნება იმ ბიზნესისთვის, რომელიც პირველად პროდუქტს აწარმოებს – მაგალითად, აწარმოებს რძესა და ხორცს, მაგრამ არ ამზადებს რძისა და ხორცის პროდუქტებს.
რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომაა. მის დანერგვას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს მეთვალყურეობას. თუმცა, თუ მეწარმეს სურს, პროდუქცია ევროკავშირში გაიტანოს, მაშინ მონიტორინგს ევროგაერთიანების ექსპერტები წარმართავენ, რის შემდეგაც კონკრეტულ საწარმოს შესაბამისი აღიარების კოდი და ნომერი მიენიჭება, მისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შეუფერხებლად შევა.
ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებენ ის სასაკლაოები და ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც 1-ლი იანვრიდან რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემას არ დანერგავენ. მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. უპირველესად ეს მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს შეეხება, რომლებიც რძისა და ხორცის, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქციას სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში ვეღარ გაყიდიან.
“მეწარმეთა ერთი ნაწილისთვის შიდა კონტროლის დანერგვის ვალდებულება კანონმდებლობით დიდი ხანია არსებობს. უკვე მესამე წელია, ის ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობა სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლა და თერმული დამუშავებაა, ვალდებული არიან, დანერგილი ჰქონდეთ HACCP-ის პრინციპებზე დამყარებული შიდა კონტროლის სისტემები. 2015 წლის 1-ლი იანვრიდან კი კანონმდებლობაში ახალი ცნება შემოდის: ეს გახლავთ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომელიც რძისა და ხორცის პროდუქტების, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის სურსათის ყველა მწარმოებელს შეეხება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნება რეესტრი და ბიზნესსუბიექტები პერიოდულად, გეგმურად შემოწმდებიან. ეს არის ევროპულთან დაახლოებული, პროგრესული მიდგომა”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე.