ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.
„დიდი პატივი იყო 2 წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლებელის მაქსიმუმს მიაღწია. ჩვენ მტკიცედ ვიდექით ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად. მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. ნატომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და 2 სახელმწიფოთი შევამცირეთ აღიარებათა რიცხვი. გაიზარდა გაეროში რეზოლუციის მხარდამჭერტა რაოდენობა“, – განაცხადა მაია ჯანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. პოლიტიკაში გადანაცვლებამდე მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კარიერის გზა გაიარა. ის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2004-2007) და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010). ფანჯიკიძეს საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, პირველი მდივნობიდან დაწყებული, დამთავრებული მინისტრის მოადგილეობით.
2010-2011 საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კითხულობდა ლექციებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში სრული პროფესორის სტატუსით. მაია ფანჯიკიძე გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარეა; მას ეკუთვნის მთელი რიგი შრომები გერმანული ენისა და ლიტერატურის სფეროში.
მაია ფანჯიკიძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. მან დაამთავრა იენის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.