ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი დუისში ,,სოფლის სახლის” გახსნას დაესწრო

ღარიბაშვილის თქმით, ,,სოფლის სახლი” პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის პრობლემას მოუხსნის.
“დღეს ჩვენ კიდევ ერთ დაპირებას ვასრულებთ – დღეს ვხსნით დუისის საზოგადოებრივ ცენტრს. მე ვიცი, რომ აქამდე პანკისის ხეობაში დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურეობის მიღება – მაგალითად, მოქალაქეობის, მიწების დარეგისტრირებისა და სხვა სერვისების მისაღებად თქვენ დიდი მანძილის გავლა გიწევდათ. დღეიდან ეს დაბრკოლება აღარ გექნებათ. თქვენ უკვე აქვე, თქვენს სახლთან ახლოს, მოგემსახურებიან და მიიღებთ ყველა სახელმწიფო სერვისს. თქვენ ისარგებლებთ ყველაზე მოთხოვნადი 200-ზე მეტი სერვისით და მომსახურება აუცილებლად იქნება ხარისხიანი. აქვე, ცენტრის შენობაში განთავსდება ბანკებიც, რაც ასევე შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის.
ასეთი ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის დანერგვას ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ დიდ მხარდაჭერას გვიწევს ევროკავშირი.
საქართველოში უკვე მოქმედებს 12 საზოგადოებრივი ცენტრი. წელს კიდევ 4 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა სულ უფრო მეტად იგრძნობს ამ ცვლილების სიკეთეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ძალიანი კარგი შესაძლებლობება ექნება.
“სოფლის სახლში” განთავსედება იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა ოფისი, მათ შორის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლობები, საბანკო მომსახურება და ნოტარიუსი.
საზოგადოებრივ ცენტრში მსურველებს კომპიუტერით და უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. აქვე განთავსდება სოფლის რწმუნებულის და მაჟორიტარი დეპუტატის ოფისები.
“აქ იქნება ძალიან კარგი გარემო იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს ინფორმაცია ახალი სერვისების, ინიციატივების შესახებ, გაეცნოს საკანონმდებლო ცვლილებებს. ცენტრის საშუალებით მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა.
პანკისელებს აქ გექნებათ შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.