საქართველოში ცხოველთა ახალი დაავადება გავრცელდა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველები პირველად აზერბაიჯანში დაავადდნენ, შემდეგ კი ეს დაავადება ირანში, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და საქართველოში გავრცელდა. დაავადება მწერებს და მკბენარებს გადააქვთ. ის ცხოველიდან ცხოველზე პირდაპირ არ გადადის და არც ადამიანებზე ვრცელდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ცხოველს აღნიშნული დაავადების დროს ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი აღენიშნებათ, ასევე, უჭირთ ღეჭვა და ყლაპვა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ, ამ დროისთვს, ცხოველთა ავადობა და სიკვდილიანობა 2–დან 10%–მდეა და დაავადებით შედარებით სუსტი ცხოველები იღუპებიან.
სააგენტომ უკვე ჩაატარა მონიტორინგი. გარკვეული ზომები მიღებულია და ცხოველები მწერების წინააღმდეგ დამუშავებულები არიან. გაცემულია, ასევე, მეთოდური მითითებები მოსახლეობის მიმართ. დაავადების ქვეტიპს კი ლაბორატორია გამოიკვლევს. საქართველოს მთავარი ვეტერინარის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, დაწყებულია შესაბამისი ვაქცინის ძებნა, რათა დაავადება სხვა რეგიონებშიც არ აგვრცელდეს.