ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი ერთ გზას ხსნიდა ორი ხედით

„ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ორ წელიწადში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 40 კილომეტრი უკვე დააგო და წლის ბოლომდე ამ გზის კიდევ 18 კილომეტრი დაიგება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში”, სადაც საზოგადოებას ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში საქართველოში არ შეჩერებულა არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ცხოვრების გაადვილება და არა აღმშენებლობის ყალბი სურათის შექმნა.
“სააკაშვილი ერთ გზას ხსნიდა ორი ხედით, ჯერ დააყენებდა აქეთ მხარეს გადაიღებდნენ და შემდეგ მეორე მხარეს. ეს იყო რეალობა და ხალხს ატყუებდნენ, რომ ისინი ხსნიდნენ კილომეტრებს. ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით. მინდა, ამის გჯეროდეთ და ამ სიმართლის გადამოწმება ძალიან მარტივია. ყველაფერი არის გამჭვირვალე და თქვენ თავად განსაჯეთ, რა არის მართალი და რა ტყუილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ ორ წელიწადში ჩქაროსნული მაგისტრალის 40 კილომეტრი უკვე დააგო და წლის ბოლომდე ამ გზის კიდევ 18 კილომეტრი დაიგება. პრემიერის განცხადებითვე, დღემდე 2 მილიარდ 400 მილიონი ლარია დახარჯული. 
” უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, მხოლოდ ერთ ციფრს მოვიტან. წინა ხელისუფლებამ თავის ორ ვადაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მხოლოდ 70 კილომეტრი დააგო. ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ორ წელიწადში 40 კილომეტრი უკვე დააგო. აი, ეს არის, ბატონებო, რეალობა, დანარჩენი თავად განსაჯეთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავიწყეთ პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა არხოტის ხეობაში, იმ გზის, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა , -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით აშენდა 16 ახალი ხიდი, 554 კილომეტრ გზის მონაკვეთზე განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 87 ხიდს. 
“ჩვენი მიზანია, საბოლოოდ, არც ერთ სოფელში, არ დარჩეს გზებისა და ხიდების პრობლემა. 21-ე საუკუნეში, წინა ხელისუფლების მიერ ლამის “სინათლის ქვეყნად” გამოცხადებულ საქართველოში, ჯერ კიდევ იყო სოფლები, სადაც არასოდეს ანთებულა სინათლე და ხალხი სანთლის შუქზე ცხოვრობდა. ჩვენ დავიწყეთ უშუქო სოფლების ელექტროფიცირება და უკვე გავანათეთ 8 სოფელი. ამჟამად კიდევ 20 სოფლის განათების სამუშაოები მიმდინარეობს” , -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.