ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მაკა წივწივაძის მკვლელობას გამოეხმაურა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორ მაკა წივწივაძის მკვლელობას გამოეხმაურა. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მაკა წივწივაძის ტრაგიკული სიკვდილი შეგვახსენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მსოფილოში ბევრ რთულ გამოწვევას წარმოშობს. ტორბიორნ იაგლანდის თქმით, სტამბოლის ევროპული კონვენცია არის გარდამტეხი ინსტრუმენტი, რომელიც შეიცავს ხედვას ევროპასა და მთელ მსოფლიოში ქალების ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის. 
“ვიწონებ საქართველოს მიერ სტამბოლის 2014 წლის ივნისის კონვენციის ხელმოწერას და მხარს ვუჭერს საქართველოს ძალისხმევას – შეუერთდეს ევროსაბჭოს იმ 15 ქვეყანას, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია”, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა. 
გასულ კვირას ყოფილმა ქმარმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წივწივაძე “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან პაციენტის დგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.