„შალოშვილის მარანი“ ღვინის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე განახორციელებს
ყვარელში არსებული აგროკრედიტით დაფინანსებული შპს „შალოშვილის მარანი“ ექსპორტზე პირველად რუსეთის ბაზარზე გავა. „შალოშვილის მარანის“ მიერ წარმოებული ღვინო ასევე ქართულ ბაზარზე ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „შალოშვილის მარანი“ საკუთარ ვენახში მოყვანილი საფერავით, როგორც მშრალ ღვინოს, ასევე ქინძმარაულს აყენებს. აქვე იწარმოება თეთრი ყურძენი, წინანდალი და კახური მწვანე. კომპანიაში განმარტავენ, რომ ღვინის გემო სრულიად უნიკალურია, რადგან ქინძმარაული ყოველგვარი მინარევების გარეშე, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ყურძნის მარცვლებისგან ყენდება, ბუნებრივად ტკბილია და დუღილის პროცესი მაცივრის გამოყენებით ჩერდება. ,,წელს მარანში 110 ტონა ყურძენი დაიწურა, რომლისგანაც 60 ტონამდე ღვინო მიიღება. ამას ემატება 40 ტონამდე საფერავი ერთწლიანი დაძველებით, რომელიც ბაზარზე ახალ ღვინოსთან ერთად გავა. კომპანია ძირითადი აქცენტის გაკეთებას რუსეთის ბაზარზე აპირებს, რადგან საფერავის მოთხოვნა საქართველოში არც თუ ისე დიდია,”- აცხადებენ კომპანიაში. შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“ 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 200 000 დოლარის სესხი მიიღო და ამ თანხით ჭურჭელი და ყველა საჭირო დანადგარები შეიძინა. თუკი ღვინის რეალიზაცია სწრაფად და მარტივად მოხერხდება, დამფუძნებლები, წარმოების გაზრდის მიზნით, განმეორებითი შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობასაც არ გამორიცხავენ. ამ ეტაპზე კი, კომპანიაში ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინის საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს.