ახალი ამბები

თელავში, მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, ლიანა ისაკაძე კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი მუსიკოსი მაყურებლის წინაშე საფესტივალო სიმფონიური ორკესტრთან ერთად წარსდგება. ორკესტს უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგება გორის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი – თეონა ცირამუა. კონცერტი 19.00 საათზე დაიწყება. 
ლიანა ისაკაძის კონცერტის პროგრამაშია იოსებ კეჭაყმაძის – საგუნდო ნაწარმოებები: “მამაო ჩვენო” (ლექსი ი.ჭვჭავაძისა) “ქუთაისური” (ლექსი ბ. კეშელავასი) “სოფლად სტირიან ქალები” (ლექსი ხალხური) “ქორალი” “ალნი” (ლექსი ხალხური) “მშვიდობით” (ლექსი ო.ჭილაძისა) “ქალი ვარ ბაგრატივნისა” (ლექსი ხალხური) “ეგზერსისი” “ლაშარის გზაზე” (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან “მთისაი ბარსა”).
ასვე შესრულდება იოჰანეს ბრამსის – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი, თხზ. 77.
11 ოქტომბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის ფრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.
ფესტივალის გახსნას პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა. 
ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის მხარდაჭერითა და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით. ფესტივალი კიდევ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს დასრულდება.