მუსიკოსებს ნატალია გუცმანს და ედუარდ ბრუმერს თელავის საპატიო მოქალაქეობის წოდება მიენიჭათ
ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა მუსიკოსებს საპატიო მოქალაქეობა, ქალაქის წინაშე ღვაწლისა და დამსახურებისათვის, მიანიჭა.
მუსიკოსის, ნატალია გუტმანის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო საპატიო თელაველის წოდების მიღება.
,,არც კი ვიცი რა ვთქვა, ნამდვილად სასიხარულოა ეს ჩემთვის. დიდი მადლობა ელისო ვირსალაძეს რომ ყოველწელს გვაძლევს საშუალებას ჩამოვიდეთ აქ თელავში. შესაძლოა როდესმე აქ დავსახლდე კიდეც,”- განაცხადა ნატალია გუტმანმა.
11 ოქტომბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის ფრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.
ფესტივალის გახსნას პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.
ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის მხარდაჭერითა და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით. ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს დასრულდება.