დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, 10:00 საათზე, აღავლენს. დღესასწაულს, ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნავენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, რადგან სვეტიცხოვლობა სოფლის განსაკუთრებულ დღესასწაულად მიიჩნევა. ბუშეტის წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში მღვდელმა გიორგი ლაზარიაშვილმა აღავლინა სადღესასწაულო წირვა, რომლის დასრულების შემდეგაც ტრადიციული ქადაგებით მიმართა მრევლს, სოფელი ნაკურთხი წყლით ასხურა და ადგილობრივი მოსახლეობაც დალოცა.
14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე, მოიხსენიებს წმინდა მოციქულთა სწორს, მეფე მირიანს, დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარს, რომლებიც IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ მაცხოვრის კვართი. მათ სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი ქრისტეს კვართთან ერთად დაკრძალეს. წმ. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. მთელი მცხეთა ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ააგო ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც კონსტანტინე არსაკიძე იყო.