გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიბაშვილის საქმეზე დროებით დანიშნულმა ახალმა პროკურორმა, ელისო ტურაშვილმა, საქმის ძირეულად არცოდნის მიზეზით სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა.
ტურაშვილის თქმით, სასამართლო პროცესში ვერ ჩაერთვებოდა, რადგან არ იცნობდა საქმის ვითარებას და მას სასამართლო პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობეს, რომ ლილუაშვილს მაგივრად ის უნდა დასწრებოდა სხდომას.
პროკურატურა კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება-გაფლანგვას ედავება.
“ყველა მოწმე დაკითხულია და ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია. საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი დანაშაულის ნიშნების შესახებ. დღეს იყო ის დღე, როდესაც მხარეები უნდა გადავსულიყავით კამათზე, წარგვედგინა სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვები, მაგრამ პროკურორის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესი გადაიდო”, – განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.