სსსმ მოსწავლეებს ახალი დამხმარე სახელმძღვანელოები ექნებათ
სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ ენასა და მათემატიკაში განმავითარებელი სავარჯიშოების კრებულს წარმოადგენს, აგებულია იმგვარად, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წერა-კითხვასა და მათემატიკას ხალისითა და ინტერესით შეისწავლიან. დავალებები ორიენტირებულია აღქმის, ყურადღების, მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე. წიგნი ორიენტირებულია მულტისენსორულ მიდგომაზე, რაც გულისხმობს სწავლების პროცესში დავალებების მიზნებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გადამუშავებას სხვადასხვა სენსორული არხის საშუალებით.
საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული წიგნები განკუთვნილია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის, რომლებსაც მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე ეროვნულ სასწავლო გეგმის დაძლევა უჭირთ და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს საჭიროებენ. საგანმანათლებლო რესურსები ქვეყანაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ძალიან მცირეა. შესაბამისად, წიგნი საგნის მასწავლებლებს და სპეციალურ პედაგოგებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.
ქართული ენისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემა, რომლის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ცირა ნარმანიაა, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა – „სიცოცხლის ხე“ მიმდინარე წელს დააფინანსა. სამომავლოდ, დაგეგმილია წიგნების მეორე დონის გამოცემა.