მთავრობა შიდსის სამკურნალო–პრევენციულ ღონისძიებებზე 6.4 მილიონ ლარს გამოყოფს
პროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისკენ მიმართული პროგრამების განხორციელების გზით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.
იგეგმება პროგრამების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ გადამდებ და ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას. მთავრობის განცხადებით, მათი ადრეული გამოვლენა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების დაცულობის გაზრდას და მეორე მხრივ, სახელმწიფო დანახარჯების ოპტიმიზაციას.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იგეგმება მოსახლეობის იმუნიზაცია, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, ასევე, ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი და საქართველოს მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებების განხორციელება.
შიდსის სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შედეგად მთავრობა გეგმავს გადამდები დაავადებებით სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებას.