პარლამენტი “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს
ჩამოწერას დაექვემდებარება 2005 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება; 2009 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება.
საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა. საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, რომელთა საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება ხუთიათას ლარს.
პროექტის თანახმად, შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება.
ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმები მარტივდება.
საგადასახდო კოდექსში შესატან ცვლილებებს თან ერთვის “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლება ენიჭებათ.