განვითარების საფინანსო კორპორაცია აღარ შეიქმნება
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განსახილველ საკითხთა სიაში ერთ-ერთი განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნის საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, მთავრობამ აღნიშნული საკითხის განხილვა გადადო. ამ თემას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძეც ეხმიანება და ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდის მიერ ფინანსური რესურსების მოძიება სხვა წყაროებიდან უფრო მარტივია, ვიდრე საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის.
ამასთან, მისივე თქმით, რთულია საპარტნიორო ფონდისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული მოდელის მოძებნა. კოვზანაძის თქმით, გამომდინარე აქედან, მთავარია შენარჩუნებულ იქნას საინვესტიციო მიმართულებები – ვექტორები, რაც საპარტნიორო ფონდს აქვს და შენარჩუნებულ იქნას ასევე გრძელვადიანი კაპიტალის დაფინანსება, რისი დეფიციტიც ქვეყანაში არის.
განვითარების ბანკის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც უწყების ჩამოყალიბება რამდენიმე თვის წინ დააანონსა. სულ 3 წელია, რაც”საპარტნიორო ფონდი” არსებობს და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ 3-ჯერ განიზრახა მისი სხვადასხვა სტრუქტურად რეორგანიზაცია. პირველი ვარიანტით “საპარტნიორო ფონდის” “სუვერენულ ფონდად” გარდაქმნა იყო გათვალისწინებული, მაგრამ მთავრობამ თავისივე საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია.