მომავალ წელს პრეზიდენტს დაფინანსება უნახევრდება
,,კომერსანტის” ინფორმაციით, ადმინისტრაციის დაფინანსება 2013 წელს 15.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 2014-2018 წლებში კი დაფინანსება 42.2%–ით შემცირდა და მუდმივ 9 მილიონიან ნიშნულზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტის ბიუჯეტის შემცირება არ არის გამოწვეული თანამშრომელთა მასიური შემცირებით. ბიუჯეტის პროექტით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 162 კაციანი შემადგენლობითაა განსაზღვრული, ხოლო 2015 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 12 კაცით მცირდება და 150–მდე ჩამოდის.
მიუხედავად იმისა, რომ მომუშავეთა რიცხვი მცირდება, იზრდება ხელფასებზე გასაცემი თანხა – 24%–ით, 4 მილიონ ლარამდე.
ამასთან, ბიუჯეტში პროგრამული მიმართულებით არ წერია, თუ რას უნდა მოხმარდეს აღნიშნული თანხები.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცვლელი რჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, მაშინ როცა საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს ზრდის. 2015 წლისთვის მთავრობის ფონდის მოცულობა 20 მილიონით მოიმატებს და 70 მილიონი ლარი იქნება. ფონდის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 50 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მიმდინარე და მომავალ წელსაც 5 მილიონი ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის გამოყოფილი თანხა არ ყოფილა.
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ერთად აღებული პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს .
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.
სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით.
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს, პრეზიდენტისა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა.
ოპოზიცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში აპროტესტებდა სამთავრობო და პრეზიდენტის ფონდების არსებობას და მათს გაუქმებას ითხოვდა. ფონდების გაზრდილ ფუნქციებს აკრიტიკებდა არასამთავრობო სექტორიც.
მათი განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ ფონდებიდან თანხის ხარჯვის ლეგიტიმაციის საკითხი დგებოდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის გამო.