პრეზიდენტი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
საიუბილეო ფესტივალის საზეიმოდ გახსნას მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება.
ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
პიანისტ ელისო ვირსალაძის თქმით, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება 5 კონცერტი. სამი კონცერტი გაიმართება საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს უდირიჟორებს ცნობილი მაესტრო არიელ ცუკერმანი.
წელს მსმენელის წინაშე წარსდგება ფესტივალის სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობა – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის მხარდაჭერითა და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით. ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს დასრულდება.