თელავში კულტურის მინისტრმა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახსნა
ფესტივალს პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.
ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება.
ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
პიანისტ ელისო ვირსალაძეს თქმით, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება 5 კონცერტი. სამი კონცერტი გაიმართება საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს უდირიჟორებს ცნობილი მაესტრო არიელ ცუკერმანი.