დღეს, თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს წელს დაარსებიდან – 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება.
ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება 5 კონცერტი. სამი კონცერტი გაიმართება საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს უდირიჟორებს ცნობილი მაესტრო არიელ ცუკერმანი.
ქალაქ თელავის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ წელს მსმენელის წინაშე წარსდგება ფესტივალის სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობა – ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრის მხარდაჭერითა და “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის” ორგანიზებით. ფესტივალი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს დასრულდება.