UNICEF – არასრულფასოვანი კვების გამო საქართველოში წელიწადში 300 მოზარდი იღუპება
მათივე ცნობით, ქვეყანაში 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. „იუნისეფი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მოზარდებს, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, ცალკე დახმარება დაენიშნოთ.
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2 388 ბავშვი სწავლის შესაძლებლობასაა მოკლებული.
„საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია ყურადღების გარეშე დარჩენილი: 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მოიხმარს უფრო ნაკლებს, ვიდრე საარსებო მინიმუმის ნახევარია; შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს; ძალადობის მსხვერლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები; 2 388 სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვი; 300 ბავშვი იღუპება ყოველწლიურად კვების დეფიციტით გამოწვეული დარღვევების გამო; ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას, ცხოვრობენ ძნელად მისაღწევ ან კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საშა გრაუმანმა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ გამოცხადებული ბავშვის უფლებათა დაცვის წლის ფარგლებში კონკრეტული კანონების შემუშავებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რვა კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილება, რომელსაც ამ ბავშვების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
„ვიმედოვნებთ, პარლამენტი მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტებს საშემოდგომო სესიაზე, რითაც შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან 2014 წლის ბავშვის უფლებათა დაცვის წლად გამოცხადებით იკისრა“, – აღნიშნა საშა გრაუმანმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, საშემოდგომო სესიისთვის წარდგენილია შემდეგი კანონპროექტები: მართლმსაჯულების კოდექსი, კანონი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ, კანონი შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ, ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, საკანონმდებლო ცვლილებები კანონებში „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, ბავშვთა სოციალური დაცვის შესახებ, საკანონმდებლო პაკეტი ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის უზრუნველყოფის შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონპროექტების მიღება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.