ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავში რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თელავში რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმო ი/მ “გურამ მჭდლიშვილს” კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს. 
სურსათის ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ საწარმოში დიდი რაოდენობით მწერი აღმოჩნდა და შენობა არ იყო დაცული მღრღნელებისაგან.
“თელავში მდებარე რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში წარმოების პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, საწარმოში არ ხდებოდა იმ საგნების აღჭურვილობისა და მოწყობილობების დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან”, – განმარტეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი, ასევე, შეუჩერა ასპინძაში მდებარე სურსათის მაღაზია ი/მ „იური ბერიძეს“ და მარნეულში – საქაბაბე ი/მ “ტარიელ იბრაგიმოვს”. 
“ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ მარნეულში მდებარე საქაბაბეში არ იყო უზრუნველყოფილი ხორცის შენახვის სათანადო პირობები, მაცივარი ამორტიზებული იყო, საქაბაბეს არ გააჩნდა წყალმომარაგება და არ ხდებოდა იმ საგნებისა და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაში იყო მზა სურსათთან.
ასევე დადგინდა, რომ ასპინძაში მდებარე მაღაზიაში არ იყო ცივი და ცხელი გამდინარე წყალმომარაგება, გარდა ამისა, მაღაზიაში ხორცი იყიდებოდა შესაბამისი მოწმობა “ფორმა 2″-ის გარეშე”, – განაცხადეს სააგენტოში. 
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, სამივე ბიზნესოპერატორი, ჩამოთვლილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა 1000-1000 ლარით. მათივე განმარტებით, სამივე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი ამ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.