გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობაზე დათვების თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი: ყვარლის მუნიციპალიტეტში (დათვი თავს ესხომდა მოსახლეობის შინაურ ცხოველებს და არბევდა ფუტკრის სკებს); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის (ცხიმორის თემი) და ხელვაჩაურის (სოფ. მირვეთ-მაჭახლისპირი) მუნიციპალიტეტებში (სადაც დათვი ასევე თავს ესხმოდა მოსახლეობის შინაურ ცხოველებს);
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ ქმედებებს, რათა მოსახლეობას აარიდოს მომეტებული საფრთხე, ისე რომ არ დაზიანოს ის გარეული ცხოველები და მათი საბინადრო გარემო, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანებისა და მათი ქონებისათვის.
,,გარეულ ცხოველთა თავდასხმებისას, მოსახლეობისა და მათი ქონებისათვის ზიანის აცილების მიზნით, კანომდებლობით დადგენილია თავდამსხმელი გარეული ცხოველის (მათ შორის საქართველოს ”წითელ ნუსხაშიშეტანილი სახეობების, როგორიცაა დათვი) რაოდენობის რეგულირების მექანიზმები, კერძოდ: გარეულ ცხოველთა თავდასხმებისას, მათი გარემოდან ამოღების (რაოდენობის რეგულირების) ღონისძიებები ხორციელდება ”გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
აღნიშნული დებულების თანახმად, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწართანხმობას. ამ შემთხვევაში პირი, ვინც მოახდინა თავდამსხმელი გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღება (მოკვლა) ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. ხოლო თუ ამას ვერ ახერხებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელმაც უნდა აცნობოს მითითებულ დეპარტამენტს,– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით დათვის დასახლებასთან გამოჩენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია შექმნას მონადირეთა ჯგუფი/ჯგუფები, რომლებიც მოახდენენ თავდამსხმელი გარეული ცხოველის ბუნებიდან ამოღებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ: ჩასაფრება უნდა მოახდინონ ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას, დაიცვან წესები, რომლებიც უზრუველყოფენ სხვა ცხოველებზე ზიანის თავიდან აცილებას, აგრეთვე გარემოდან ამოიღონ ცხოველის იმდენი ინდივიდი, რაც მითითებულია ხელშეკრულებაში.
აღნიშნულისთვის გამგეობა ვალდებულია აცნობოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების ვადის თაობაზე. ეს უკანასკნელი ესწრება და აკონტროლებს ამ ღონისძიების ჩატარების მიმდინარეობას, რაც უზრუნველყოფს კანონდარღვევების თავიდან აცილებას და რეგულირების ღონისძიების დადგენილი წესით ჩატარებას – ნათქვამია განცხადებაში.