ახალი ამბები

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა იწყება

ინფორმაციას ,,ნეტგაზეთი” ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობის ძიება-მოპოვების სფეროში საქართველოში მომუშავე ერთ-ერთ კომპანიასთან, მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ამ საბადოზე გაზსაცავის პროექტის განხორციელების უფლება მიიღო.
“ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთ თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის მიზნებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა.
სამგორის სამხრეთ თაღის სტრუქტურაზე გაზსაცავის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი იქნება მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა, რაც საქართველოში გაზის მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში, ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონური დისბალანსს.
უახლოეს პერიოდში დაიწყება გაზსაცავის პროექტის წინასწარი საინჟინრო-ტექნიკური შესწავლა, ისევე, როგორც აუცილებელი ფინანსების მოძიების სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ მოხდება გაზსაცავის მშენებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.