ყვარელში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – აფთიაქში ურეცეპტოდ წამალი არ მისცეს
სეფაშვილმა ექიმთან მისვლაც ვერ მოასწრო და სახლში მისვლდან დაახლოებით ნახევარ საათში გარდაიცვალა. უცნობია შესთავაზა თუ არა ფარმაცევტმა 55 წლის დავით სეფაშვილს ურეცეპტოდ გასაცემ მიდეკამენტთა სია, რომელშიც, მაგალითად, ლაზიქსის შემცველი ფუროსემიდი შედის.
„წამალი რომ დაელია, ეს კაცი გადარჩებოდა. ის მივიდა აფთიაქში, მაგრამ წამალი არ მისცეს. მერე ექიმთან ჩავიდა, ვერ ნახა ექიმი, მერე ისევ აფთიაქში ამოვიდა, სადაც ისევ არ მისცეს წამალი და სახლში მისული მჯდომიარე კაცი დაახლოებით ნახევარ საათში გარდაიცვალა“, – განუცხადა ტელეკომპანია „გურჯაანს“ გარდაცვლილის ახლობელმა.
ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მედიასთან საუბარს თავს არიდებენ. აფთიაქის თანამშრომლებსაც არ სურთ ჟურნალისტებთან ამ საკითხის შესახებ საუბარი.
ექსპერტი სამედიცინო საკითხებში მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევების დროს გათვალისწინებულია სპეციალური მედიკამენტების ჩანთა, რომელიც ყველა აფთიაქში არსებობს და პაციენტს სასწრაფო დახმარება უნდა გაეწიოს. ბერიძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აფთიაქს ეკისრება.
„ეს არის არა სისტემური პრობლემა, თუ რატომ იყიდება წამლები რეცეპტით, არამედ როგორც ჩანს ამ პროცესის განხორციელებასთან გვაქვს პრობლემა. თუ არ გასცა წამალი, აქ პასუხისმგებლობა ეკისრება აფთიაქს“, – განაცხადა მარინა ბერაძემ.
ამ შემთხვევის შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა, რომ რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიას კვლავ გადახედოს და გადაუდებელ შემთხვევებში მათთვის საჭირო მედიკაენტები ხელმისაწვდომი გახდეს.
1 სექტემბრიდან “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” შესული ცვლილების მიხედვით ურეცეპტოდ აღარ გაიცემა ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი