თელავის საკრებულომ ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე უარი განაცხადა
ქალაქ თელავის საკრებულოს წევრის, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელის, ნიკა ვარდოშვილის თქმით, საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება კახეთის გუბერნატორის დავალებით მიიღო.
,, ორი კვირაა რაც საბუთები გვქონდა შეტანილი საკრებულოში, ეს იქნებოდა პირველი ფრაქცია. სანამ საბუთებს შევიტანდით მანამდე იურისტებთან იურისტებთან გავიარეთ კონსულტაცია და არაფერი პრობლემა არ იყო, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ამით არაფერი არ მოხდებოდა. უბრალოდ მოხდა ერთი რამ, რომ თელავის საკრებულომ შეასრულა კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვლის დაკვეთა. მას არ უნდა, რომ გაძლიერდეს ოპოზიცია საკრებულოში. მე არ გავჩერდები, საკრებულოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ სასამართლოში და აუცილებლად მოვიგებ“,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა ვარდოშვილმა.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნაში წერია:
„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში რეგისტრაციის მიზნით, შემოვიდა ახალი ფრაქციის „ძლიერი თელავის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. (ფრაქციის სხდომის ოქმი, პლატფორმა და წესდება). ჩემთვის ცნობილია, რომ ნიკოლოზ ვარდოშვილი (ახალი ფრაქციის თავმჯდომარე) წარმოადგენს საარჩევნო ბლოკს, „არასაპარლამენტო ოპოზიცია/ კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) ხოლო ლევან არჯევანიძე და ბაადურ რევაზიშვილი წარმოადგენენ საარჩევნო ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. არსებული მონაცემების გათვალისწინებით, კომისიამ იმსჯელა ფრაქციის შექმნის მიზანშეწონილობასა და კანონიერებაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ განმცხადებლებს ეთქვათ უარი ფრაქციის შექმნაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამბობს, რომ „ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). ამავე მუხლში კანონმდებელმა განმარტა, რომ ბლოკში შემავალ უპარტიო წევრებსაც კი, რომელსაც თავისუფლების მეტი ხარისხი გააჩნია, უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ იმ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. შესაბამისად აღნიშნული ფორმულირება ვრცელდება კომისიაში წარდგენილ მოთხოვნაზე, ორ სხვადასხვა ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ ერთობლივი ფრაქციის შექმნის მოდელზეც“- ნათქვამია საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ დაწერილ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანზორ სულხანიშვილი და მისი წევრები.