ახალი ამბები

მირზაანის სკოლა შველას ითხოვს – სახურავგადახადილ შენობაში წყალი ჩადის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის საჯარო სკოლაში, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახურავი გადახადეს, წვიმის წყალი ჩადის. რეაბილიტაციის პროცესი, ახლახან, განათლების სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მირზაანის სკოლის პედაგოგების თქმით, წყალი საკლასო ოთახებში ჩადის და კედლებს აზიანებს. ისინი დახმარებას ითხოვენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ.
„ბოლო ხანს სამინისტროს დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობა ძველია და გვიხაროდა, რადგან კლასები მოწესრიგდება. მაგრამ, ჭერი გადახადეს და აღმოჩნდა, რომ მასალა საკმარისი არ იყო და შეჩერდა. პროცესის გაჭიანურებას უამინდობა დაემთხვა და კლასებში წყალი ჩადის, რაც გაკეთებულია ისიც ზიანდება და ძალიან გთხოვთ მოგვხედოთ და დაგვეხმაროთ. დროულად დასრულდეს პროცესი, თორემ წვიმიანი ამინდები ისევ გრძელდება და ჩვენი ბედი გაურკვეველია”.
შეგახსენებთ, 2006 წელს მირზაანის სკოლა დაიხურა, მოსწავლეები კი მეზობელი სოფლის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას შეუერთეს. შედეგად, ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში მიგრაციული პროცესი გაძლიერდა და სოფელი დაცლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. არაერთი მოთხოვნისა და საპროტესტო აქციის შემდეგ, 2010 წელს მირზაანის სკოლამ მუშაობა განაახლა.