ალავერდის მონასტერში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „ალავერდობა“ ჩატარდა
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია, რომელმაც უკრაინელ და რუს მომხსენებლებთან ერთად უმასპინძლა იმ ქვეყნების წარმომადგენლებსაც, სადაც სამონასტრო მეღვინეობაა განვითარებული.
ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა სტუმრებმა, სასულიერო პირებმა, სხვადასხვა ღვინის კომპანიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის ბერების ღვინის 4 სახეობა – „რქაწითელი“, „ქისი“, „ხიხვი“, „საფერავი და ქვევრში ღვინის დამზადების ტექნოლოგიასაც გაეცნენ.
„დღევანდელი ფესტივალი ეძღვნება ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიას. ჩვენი ეს ფესტივალი ნამდვილად მოვლენაა არა მარტო ჩვენი ეპარქიისათვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის და ვიმედოვნებთ, რომ დღეს დაწყებული ეს მიდგომა იქცევა ტრადიციად. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყოველ წელს ჩატარდეს ალავერდის მონასტრის ღვინის ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს არა მარტო მონასტრებში, არამედ საოჯახო მარნებში წარმოებულ ტრადიციულ მეღვინეობას. ამ ფესტივალის მიზანია, რომ ხალხს დავანახოთ ტრადიციის შენარჩუნების მნიშვნელობა, რა ღირებულებას ატარებს ძირძველი საქმიანობა და რა სამაგალითო შეიძლება იყოს ეს საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის. ტრადიციისადმი ეკლესიის დამოკიდებულება ცალსახად ერთგვაროვანია. ტრადიცია არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ სიახლეს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. ტრადიციის ფესვები გვზრდის და მომავლისაკენ სვლაში ხელს გვიწყობს“, – აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
ფესტივალის მნიშვნელობასა და ალავერდის მონასტრის ბერების ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიზა ბაგრატიონმაც.
„ყოველთვის ძალიან დიდი სიამაყით ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ღვინის დაყენების ქართული, კახური, ტრადიციული მეთოდი არის უნიკალური, განსაკუთრებული, რომელიც საუკუნეებს მოიცავს და დღემდე აქტუალობას არ კარგავს. დღევანდელი ფესტივალი სწორედ იმისი მიმანიშნებელია, რომ ამ ტრადიციის, საზოგადოდ სამონასტრო კულტურის, მიმართ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ არა მარტო მეღვინეობის ძირძველი მეთოდებითა და ტრადიციებით, არამედ ღვინის დაყენების უახლესი ტექნოლოგიებით და შევთავაზოთ ღვინის მოყვარულებს ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინო. რაც შეეხება ბერების ღვინოს, იგი მთელი შეგნებითა და სულიერებით დამზადებული პროდუქტია. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ღვინის დამზადებაში ადამიანს ძალიან მცირე წვლილი შეაქვს და ალბათ ეს არის ამ ღვინის დამზადების საიდუმლოება. როდესაც მეღვინეს, ტექნოლოგს უხსნი, როგორ მზადდება ეს უნიკალური პროდუქტი, თითქმის ყველა მათგანი მხრებს იჩეჩავს, ცაში იყურება და ღმერთს მადლობას წირავს“, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.
ღვინის საერთაშორისო ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობდნენ ატენის სიონის მარანი, პეტრიაანთ მარანი და ა.შ. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ღვინის ცნობადობის გაზრდა და პოპულრაზიაცია. ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „ალავერდობა“ ტარდება ალავერდის მონასტრის მხარდაჭერითა და ღვინის რუსული ჟურნალის „კოტ დე ვინოს“ რედაქციის ინიციატივით.
ფესტივალი წელს პირველად ტარდება. იგი სამი დღის განმავლობაში, ღვინის კომპანია „ბადაგონსა“ და სასტუმრო „ლოპოტაში“ გაგრძელდება და 25 სექტემბერს დასრულდება.