ახალი ამბები

ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო გადასახადი მოიხსნა

საბაჟო გადასახადის გაუქმებით შემოსავალი შეუმცირდება ბიუჯეტსაც, თუმცა უმნიშვნელოდ- ხაზინას ამით ყოველწლიურად მხოლოდ 8-10 მლნ ლარი დააკლდება. რაც შეეხება აქციზის გადასახადს, რომელსაც ავტომანქანის განბაჟების საერთო ღირებულებაში ყველაზე მაღალი წილი უკავია, არ შემცირდება. ამ მხრივ ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომანქანების იმპორტზე საბაჟო გადასახადის გაუქმებას ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ავტომობილებზე მოთხოვნას არ გაზრდის. ამ გადასახადის გაუქმება ავტობიზნესს შვებას ვერ მოჰგვრის.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, უფრო კონკრეტულად კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. ავტომობილები კი იმ ჩამონათვალშია, რომელიც შეთანხმების ამოქმედების მომენტიდან საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა.
როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილების გადასახადი ორი ნაწილისგან შედგება. აქციზის და საბაჟო მოსარკებლისგან. სექტემბრიდან გაუქმებულია მხოლოდ საბაჟო გადასახადი. როგორც ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია ამბობს, საბაჟო გადასახადისგან რომ გათავისუფლდეს, ამისთვის ავტომანქანას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.