ახალი ამბები

იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე წესები მკაცრდება

 პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს და შეინახავს იარაღს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება.
ცვლილება შედის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილშიც, რომელიც იარაღის უკანონო ტარებას ეხება. ეს აღარ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორია. ამ შემთხვევაშიც, ჯარიმა, როგორც სანქცია, უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე, არამედ 4-დან 6 წლამდე. შესაბამისად იარაღის უკანონო ტარება კვალიფიცირდება მძიმე დანაშულის კატეგორიაში. 
თეა წულუკინის განმარტებით, პირს, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნიდან დეპორტირებული იქნება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების შესაძლებლობა.
„ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუ წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იარაღის გამოყენებით ან ძალადობით, რომელთა სიაც ჩამოთვლილი იქნება კანონში, ან არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა: წვრილმანი ხულიგნობა, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომა ან პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ასეთი პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ მოხსნილი თუ არა ნასამართლობა, ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე. შესაბამისად, შს სამინისტროს სერვისების მომსახურების სააგენტო ამ კანონის ძალაში შესვლიდანვე გასცემს ახალი ტიპის ცნობებს − უკვე არა ნასამართლობის, არამედ მსჯავრდების შესახებ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, პირს აქვს მოხსნილი და გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა. ყველა პირი, რომელიც წარსულში ყოფილა მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ვერ შეიძენს, ვერ შეინახავს ან ვერ ატარებს საქართველოში იარაღს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 
წულუკიანის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეხება იარაღის წვდომაზე წესებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრებას; ამასთან, პრევენციას, რომ მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება იყოს უკეთესად დაცული.