ახალი ამბები

ღარიბაშვილი – “ნაციონალებს” რაფალიანცის საქმის გამოძიებისთვის 25 დღე ჰქონდათ

„ძალიან ცუდია, რომ უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი, ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანში, ბარბარე რაფალიანცის საქმის შესახებ საუბრისას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარბარაე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად 25 დღე ჰქონდა, მაგრამ მათ გამოძიება ჩიხში შეიყვანეს. 
“ეს შემთხვევა მოხდა ” ნაციონალების” დროს. მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს პარლამენტში რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ. 
16 სექტემბერს ადვოკატმა რომეო საჯაიამ რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია ჩაწერილი, ადვოკატი ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის შესახებ ყვება და მომხდარის დაფარვასა და ხელშეწყობაში შსს გენინსპექციის თანამშრომელს ვარლამ ხათრიძესა და გენინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებს. ვიდეომასალაში ბიწოშვილი ამტკიცებს, რომ რაფალიანცის სიკვდილში დამნაშავე „ქართული ოცნებაა”. ის, ასევე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილზეც საუბრობს. ვიდეომასალის გავრცელებიდან მეორე დღესვე კი ლალი ბეწოშვილმა გაავრცელა განცხადება. რაფალიანცის ოჯახის ადვოკატი გამორიცხულად მიიჩნევს ქართული ოცნების მონაწილეობას ჩვილის მკვლელობის საქმეში. 
“მქონდა ეჭვი , რომელიც 7 თვის განმავლობაში გაბათილებულია. გამორიცხული და აბსურდულია საერთოდ, რომ ეს “ქართული ოცნების” გაკეთებულია. ეს არის აბსურდული“,- განაცხადა ბეწოშვილმა. 
2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გარდაცვლილი ჩვილის დეიდამ, 1 ოქტომბრის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დალი მექერიშვილმა ბავშვის მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი ჩვილი რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს. 
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედაგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პირობა. 2012 წლის 29 ნოემბერს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, თუმცა ჩვილის შემზარავი მკვლელობიდან 2 წლის შემდეგ საქმე ჯერ გამოძიებული არ არის.