ახალი ამბები

კოოპერატივს საუკეთესო ბიზნეს იდეის განსახორციელებლად 49000-მდე ევროს გრანტის მიღება შეუძლია

ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ფერმერთა არარეგისტრირებულ (ერთად მუშაობის გამოცდილებით), ან რეგისტრირებულ ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად ჩამოყალიბების სურვილი და რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე ფერმერთა კოოპერატივებს.
აღნიშნულ თემაზე ახმეტაში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ ,,ელკანა’’ ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო დახმარება ფერმერთა ჯგუფებისთვის და კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ბიზნესზე ორიენტირებული საუკეთესო იდეების გამოსავლენად ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისა და გადამუშავების სფეროში.
შეხვედრაზე “ელკანას” წარმომადგენლებმა ფერმერებს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდეს. ასოციაციის წევრები განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში ერთ, მინიმუმ 5 წევრისგან შემდგარ, ფერმერთა ჯგუფს/კოოპერატივს შეუძლია მინიმუმ 15 000 და მაქსიმუმ 49 000 ევროს გრანტის მიღება. გრანტის მისაღებად კი აუცილებელია ბენეფიციარის მხრიდან 30%-იანი თანამონაწილეობა. პროექტის ღირებულების დანარჩენი 70% გრანტის მეშვეობით დაიფარება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა შეეძლებათ 2014 წლის 22 სექტემბრის17:30 სთ-მდე.
შეხვედრა ACF International, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.