ახალი ამბები

პანკისელი ბავშვები დანგრეულ სკოლებში სწავლობენ

პანკისის ხეობის სოფლების წინუბნისა და ქორეთის სკოლების მოსწავლეები ისევ ამორტიზირებულ შენობებში სწავლობენ. სოფელ წინუბნის მოსწავლეებმა ახალ სასწავლო წელი სოფლის კლუბის შენობაში დაიწყეს. სოფელ ქორეთის სკოლის მოსწავლეები კი სასწავლო პროცესს ამორტიზირებულ შენობაში შეხვდნენ. რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „კახეთის რეგიონალური განვითარების ასოციაცია“ წინუბნის სკოლის ერთ ოთახში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელია. სოფელ წინუბნის 6-წლიან სკოლაში სულ 6 საკლასო ოთახია. ფანერებით გადატიხრულ საკლასო ოთახებს ფანჯრები არ გააჩნია, იატაკი ჩამტვრეულია და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სკოლის ნესტიან შენობაში წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ყოფილა, სასმელ წყალს კი ყველა – ბავშვიც და პედაგოგიც ერთი ვედროდან სვამს.
,,საკლასო ოთახებში სინესტეა. საკლასო ოთახებს არც ფანჯრები არ აქვს, არც კარები, იატაკი ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია. ერთ ოთახში ამდენი ბავშვია და ღუმელი რომ დავდგათ შეიძლება, რომელიმეს გარეთ, კარებთან, მოუწიოს დაჯდომა. ბავშვები ერთ ოთახში ვერ ეტევიან”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ წინუბნის სკოლის მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა მამუკა მაჩიტაძემ.
სოფელ წინუბნის სკოლაში რამდენიმე კლასკომპლექტია. მასწავლებლებისა და მშობლების განცხადებით, სხვადასხვა კლასის ბავშვებისათვის, 45 წუთში, რაიმეს სწავლება შეუძლებელია.
„თქვენც ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშია სკოლა. მოდიან, დაგვპირდებიან, მიდიან. როდესაც ერთ კლასში, ერთ რიგზე, მეხუთე კლასის მოსწავლეები ისხდებიან და მეორეზე – მეექვსე კლასის, რა უნდა ისწავლონ იქ ბავშვებმა? მითხარით, 40 წუთში რა უნდა გავაკეთო? საშინაო დავალება შევამოწმო, თუ გაკვეთილი ავუხსნა ორ კლასს? ასე არ შეიძლება. დიდი ხანია ეს პრობლემები გვაქვს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ნორმალური ოთახიც კი არ არის, რომ პირველკლასელები შევიყვანიოთ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფელ წინუბნის სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ხელმძღვანელის ელენე რუცესკაიას განცხადებით, მსგავს მდგომარეობაშია ქორეთის ოთხკლასიანი სკოლა, რომლის შენობაც ნგრევის პირასაა. სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი. რუცესკაია ამბობს, რომ სკოლაში არსებული მდგომარეობა ბავშვთა უფლებებს ზღუდავს. სკოლის შენობაში ფუნქციონირებს მხოლოდ ორი ოთახი, სადაც გაკვეთილები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ერთდროულად უტარდებათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი აცხადებს, რომ წინუბნისა და ქორეთის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები 2015 წელს დაიწყება. სოფლების წინუბნისა და ქორეთის საჯაროს სკოლებში 80-მდე 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვი სწავლობს.