ახალი ამბები

ღვინის კომპანიებმა გაძვირებული ყურძნის მიღება შეაჩერეს

კახეთში 30-მდე ღვინის კომპანიამ ყურძნის მიღება შეაჩერა. კომპანიების მენეჯერების განცხადებით, ზოგიერთი ქარხანა გადაიტვირთა, რამდენიმე კომპანიის დანადგარები დაზიანდა, ქარხნების ნაწილი კი ყურძენს მაღალი ფასის გამო არ იბარებს.  1 კგ. საფერავის შესყიდვაში ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ 3 ლარი გადაიხადა. ჩვენი ინფორმაციით, „ასკანელი ძმები“ საფერავში ყველაზე მაღალ ტარიფს ინარჩუნებენ.

ღვინის ქარხნები გადატვირთულია „კახური ღვინის მარანი“ ამჟამად საფერავს 2.20 ლარად იბარებს, ქარხანას  რქაწითელის მიღება ჯერ არ დაუწყია.  მეღვინეების  განმარტებით, რქაწითელის მიღება დანადგარის დაზიანების გამო შეჩერდა.

 ყურძნის მიღება დაასრულეს „წინანდლის ძველმა მარანმა“, ჩუმლაყის ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდმა“ , ხოლო  ყვარელში „კორპორაცია ქინძმარაულმა“ მიღება დღეს დროებით შეაჩერა.

 კომპანიის წარმომადგენლის ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, ქარხანა რქაწითელს იბარებდა, თუმცა მიღებული ყურძნის გადამუშავებამდე, დაახლოებით 1 კვირით მისი მიღება შეჩერდა. თელავის რაიონის სოფელ წინანდალში შპს „გ.ჯ.ა მზარდი“, საფერავს 1.30 ლარად იბარებს, რქაწითელს 1 ლარად. 

„შატო გურჯაანი“ და ყვარელში „მეღვინეობა გრანელი“ საფერავს არ იბარებენ და მხოლოდ რქაწითელს იღებენ 1 ლარად.