ახალი ამბები

წნორის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ წნორის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით და ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემით ისარგებლებს. 

სამშენებლო სამუშაოების გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სამუშაოებს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა” და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ზიმო” განახორციელებს. პროექტს, რომლის საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებს. სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 1250-კუბიანირეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, იგეგმება მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. პროექტი 2016 წელს დასრულდება.

ამ დრომდე წნორში წყალმომარაგების სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს და ქალაქის 6400 მოსახლე სასმელ წყალს, ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან იღებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომლის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია, საქართველოს მასშტაბით, 28 ქალაქში გეგმავს.