ახალი ამბები

ლაგოდეხში სიმინდის მოსავლიანობის პროგნოზირების საპილოტე პროექტი დაიწყო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) უფროს სტატისტიკოსთან, მაიკლ შტაინერთან და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთან, დემნა ძირკვაძესთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიმინდის მოსავლიანობის პროგნოზირების მეთოდოლოგიის პილოტირება განახორციელეს.

მეთოდოლოგიის პილოტირების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სიმინდის ნათესი ფართობები შეირჩა და მოსავლიანობის პროგნოზირებისათვის საბაზისო ინფორმაცია შეგროვდა. კვლევის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრის თვეშია დაგეგმილი. ამ დროს უშუალოდ მოსავლიანობის წინასწარ განსაზღვრა მოხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ეკატერინე ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიის შესწავლის და დანერგვის მიზნით, გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებისათვის, რომლებმაც შემდგომ უნდა უზრუნველყონ ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ოპერატიულ რეჟიმში პროგნოზირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგობრივი ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას და გაზრდის კონკრეტული ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის შესაძლებლობებს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ოთხწლიანი პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ინფორმაციის ეფექტიან შეგროვებასა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებაში.