დედოფლისწყაროს საკრებულოში 5 სახელისუფლებო ფრაქცია შეიქმნა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ალუღიშვილი იქნება, ის მანამდე ლეიბორისტული პარტიიდან საკრებულოს წევრი ორჯერ იყო. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი საკრებულოში მოხვედრას „ქრისტიან დემოკრატებიდან“ ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელებს“ აკაკი ნატროშვილი უხელმძღვანელებს. ის რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილეა, არჩევნებამდე კი დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალ დემოკრატების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუციშვილი იქნება. ის საკრებულოში სოფელ ზემო ქედის მაჟორიტარის მანდატით მოხვდა, თუმცა დანარჩენ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი დაბალი მხარდაჭერა მიიღო. ხუციშვილიც თვითმმართველობის არჩევნებამდე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და ალასანიას პარტიის ხელმძღვანელი იყო დედოფლისწყაროში.
კიდევ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ სახელწოდებით დარეგისტრირდა და მას მამუკა სეფიაშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქცია „ქართული ოცნება“ კონსერვატორების თავმჯდომარე კი საკრებულოს უხუცესი წევრი ნოდარ გოგილაშვილი იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციას, ამჯერად საკრებულოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოხვდნენ, მათ ორი მანდატის მიღება შეძლეს, რის გამოც ფრაქციის შექმნას ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია საკრებულოს სხდომას არ დასწრებია.
ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 1 350 ლარს შეადგენს.