ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროექტის ფარგლებში, ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო ტრასა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ივრის ოლქის, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ახმეტა–თელავი–ბაკურციხის კმ64–კმ73 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაოების საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაცია დაამუშავა შპს “საქგზამეცნიერებამ”, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე და მთავრდება საერთაშორისო მნიშნვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე, სოფელ ბაკურციხის ტერიტორიაზე.
შპს “საქგზამეცნიერების” სპეციალისტების მიერ, 2014 წლის მარტის თვეში ადგილზე განხორციელებულ იქნა საკვლევაძიებო და საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები. დასკვნის თანახმად საპროექტო მონაკვეთი საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით მდგრად პირობებშია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნებისმიერი სახის მშენებლობისათვის.
საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია შემდეგი სახის სამუშაოების განხორციელება: საგზაო სამოსზე გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის ორმოული შეკეთება, გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა და შეკეთება, არსებული მილების შეკეთება, შემასწორებელი ფენის, მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების, ტროტუარების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დამოკიდებულია ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.