ახალი ამბები

ომბუდსმენი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი კლებას განიცდის

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ გამოაჩინა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა, რომლის მიხედვითაც ქალთა წარმომადგენლობამ მხოლოდ 11,1% შეადგინა; ასევე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის დროსაც ქალთა წარმომადგენლობა არ იქნა გათვალისწინებული. მიმდინარე ცვლილებების მიხედვით, მინისტრთა კაბინეტში ქალთა მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი 21%-დან 16%-მდე შემცირდება, რადგან წარდგენილი 7 კანდიდატიდან არც ერთი არ არის ქალი.
“უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელიც გამორიცხავს ან ხელს არ უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სქესთა თანაბარ მონაწილეობას, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც ლეგიტიმური. დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია გამოყენებულ იქნას ქალთა გამოცდილება და შესაძლებლობები სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებისათვის, რაზეც რთულია ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 53%-ს ქალები შეადგენენ, მაგრამ მათი ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 20%-მდეც ვერ აღწევს”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, ქმედითი ნაბიჯები ქალთა პოლიტიკური და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის ქვეყანაში არ გადადგმულა.
“მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები, ხოლო საკანონმდებლო მექანიზმები აღნიშნული საკითხის წინ წამოწევისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა”, – მიაჩნია ომბუდსმენს.
მისივე თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ რეკომენდაციებს, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული და ამ დროისათვის არსებული მონაცემები კვლავ შეშფოთებას და უიმედობის განცდას იწვევს.