ვანო ჩხარტიშვილი სიღნაღში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს
პროექტის პარტნიორია უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია Colliers International-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს შემოვიდა.
ვანო ჩხარტიშვილის „სომგოს კომპანიას“ 2010 წელს ჩამორთმეული, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 35 000 კვადრატული მეტრი არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა.
შ.პ.ს ”სომგოს” სამი მფლობელ-დამფუძნებელი იურიდიული პირი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ”სონატა ალიანსი” ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის.
”სომგოს კომპანიამ” სიღნაღში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2007 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 1 მლნ ლარად შეიძინა. ჩხარტიშვილის მხარის ინფორმაციით, 2010 წელს ჩხარტიშვილს აღნიშნული ქონება სასამართლოს ძალით უკანონოდ ჩამოერთვა და ამას გარდა, ჯარიმის სახით 153 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.
დაბრუნებულ ქონებაზე ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ მთავრობის წინაშე გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებები აიღო.
კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს ტურისტულ-დასასვენებელი–საწარმოო კომპლექსი და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
მფლობელმა გადაცემულ უძრავ ქონებაზე უნდა ააშენოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმო. ასევე, გააშენოს სადემონსტრაციო ვენახი არანაკლებ ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და ააშენოს არანაკლებ 50 – ნომრიანი (200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით) სასტუმრო, სადაც სულ მცირე, ერთი წლის ვადით არანაკლებ 30 ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.
საერთო ჯამში, მთავრობის განკარგულება მიწის მფლობელს არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ავალდებულებს 3 წლის განმავლობაში.
თუმცა დღეს „სომგოს კომპანიაში“ commersant.ge–ს განუცხადეს, რომ არ არის გამორიცხული, პროექტში ჩადებულმა ინვესტიციებმა საბოლოო ჯამში 6 მილიონ ლარს გადააჭარბოს.
მათივე ინფორმაციით, მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, კეთდება ბიზნეს–გეგმა Colliers International–თან ერთად და პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე კონკურსი ცხადდება, რომლის გამარჯვებულსაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელსაც უცხოელი არქიტექტორი უხელმძღვანელებს.
უკვე ცნობილია კომპლექსის კონცეფცია – ეს იქნება 100–ნომრიანი სასტუმრო ღვინის სარდაფით, სადეგუსტაციო დარბაზით, ვენახით, ასევე ექსკლუზიური ღვინის საწარმოთი. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპლექსის ამუშავების ვადები პროექტზეა დამოკიდებული, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა ეს ვადა 2 წელიწადს არ გადააჭარბებს.