ახალი ამბები

როდის განახლდება თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია

თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს ხანში დაიწყება. ამ დროისთვის რეაბილიტაციის ახალი პროექტის გამოსავლენად გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება. როგორც ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, პროექტი, რომლის მიხედვითაც სასახლის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, დამტკიცდა, სადაც ზუსტად და ზედმიწევნით არის გათვალისწინებული ყველა თელაველის მოთხოვნა.
-,,სასახლისა და ისტორიული მუზეუმის პროექტი დამტკიცდა. ტენდერი თვის ბოლოს დასრულდება რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია და დაიწყება უკვე ხელშეკრულების გაფორმება კულტურის სამინისტროსთან პროექტის განსახორციელებლად, ალბათ, ეს პროცედურები გაგრძელდება აგვისტომდე. აგვისტოში სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება. რაც შეეხება ისტორიული მუზეუმის პროექტს, ესეც დამტკიცებულია, მხოლოდ ჩასატარებელია ტენდერი. #1 სკოლის შენობაში დაცული მუზეუმის ექსპონატები ახლა უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ძველ საცავებში იყო. ოთახში სიმშრალეა და ნორმალური პირობებია, ყოველი კვირის ოთხშაბათს შედიან ფონდის მცველები და ანიავებენ ოთახს.’’
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროს ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თელავისმაჟორიტარი დეპუტატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
-,,მუზეუმის ტერიტორიაზე სამი შენობა დაინგრა და აქ იყო განთავსებული, როგორც ფონდის საცავი, ასევე ექსპოზიციის დარბაზები, ადმინისტრაციული აპარატი ბატონის ციხისა და იაშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზი თავისი უმდიდრესი კოლექციით. ეს ყველაფერი ვერ ეტევა ამ სივრცეში და ამიტომ გადაიხედა პროექტი, რომელიც დაკონსერვდა. სავარაუდოდ, ის დასრულდება და სახეცვლილი იქნება. ამავდროულად მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგიური კვლევა უკვე ჩატარებულია, პირველი საჯარო სკოლის მოპირდაპირე მხარეს აშენდება გალერეა, რომელიც იქნება, ალბათ, მინის კონსტრუქციის და დაიტევს არა მხოლოდ იაშვილის გალერიის ექსპონატებს, არამედ ის შეიძლება, გამოდგეს საკონფერენციო სივრცისთვისაც. საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ გაანალიზებულიყო ყველა ის უარყოფითი შედეგი, რომელიც მოიტანა უკვე არსებულმა რეაბილიტაციამ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქს, დამთვალიერებელს, ჩამოსულ სტუმარს მეფის სასახლე და ჩვენი მუზეუმი, რითაც თელავი თავს ყოველთვის იწონებდა.“