სოციალურად დაუცველის სტატუსი ნივთების მიხედვით აღარ განისაზღვრება
დიმიტრი ხუნდაძის ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF–ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამართლიანი სოციალური მომსახურებისთვის ძირითადი ორიენტირი სწორედ ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს და დახმარების ხელმისაწვდომობისთვის დღემდე არსებული სხვა ბარიერები უნდა მოიხსნას.
„მთავარი ის კი არ არის, ოჯახს აქვს თუ არა, მაგალითად, მაცივარი, მთავარია რა დევს ამ მაცივარში“, – განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სწორედ ამ პრინციპით მიუდგეს სოციალური დახმარებების გაცემის წესს, რაზეც მუშაობა, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა უმცირესობაში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირების შესახებ. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, უმცირესობა აპელირებს, თითქოს მთავრობამ ბევრ ოჯახს მოუხსნა სოციალური შემწეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„სინამდვილეში, სურათი იყო ასეთი: „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა ყოველთვის წინასაარჩევნო კალენდარს ემთხვეოდა, არჩევნების შემდეგ კი მათი რიცხვი საგრძნობლად იკლებდა. გარდა ამისა, ჩვენ სიიდან ამოვიღეთ 1470 ე.წ. სოციალურად დაუცველი, რომელთა სამრეწველო საქმიანობიდან შემოსავალი 50 ათასიდან 200 ათასამდე ფიქსირდებოდა, ბუნებრივია, მათ მოეხსნათ შემწეობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე ცნობით, სოციალური დახმარებები ასევე მოეხსნათ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს, რომლებსაც შემწეობა ეძლეოდათ, როგორც ჯილდო გაწეული საქმიანობისთვის.
„მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის ივლისის მონაცემებით, სოციალური დახმარება გაცილებით მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ამას აჩვენებს 2012 წლის ივლისის მონაცემები“, – დასძინა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ხუნდაძის თქმით, დღეისთვის სოციალურ დახმარებას საქართველოს მასშტაბით 450 ათასი ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის, თითქმის 12%–ია.
სოციალური დახმარებების გაცემის წესზე პრემიერ–მინისტრმა 31 მაისს, გურიაში სტუმრობისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დახმარებების გაცემის წესი უსამართლოა და მთავრობა არჩევნების შემდეგ აპირებს, ამ სისტემას გადახედოს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარების რაოდენობა გაიზარდა. ოჯახის პირველი წევრი 30 ლარის ნაცვლად 60 ლარს იღებს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი გაიცემა.