უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს დაბრკოლების შექმნაში ადანაშაულებს
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, მათ შორის, დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელებას. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება როგორც დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ისევე ინდივიდუალურ საკითხებზე რეაგირება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება აქვს სახალხო დამცველის აპარატს, როგორც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, ხელი შეუწყოს ამ საქმიანობის განხორციელებაში.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი სახის ხელშეშლა და დაბრკოლების შექმნა არის დასჯადი ქმედება.
ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით აპრილის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ხელოვნურად დაბრკოლება შეუქმნეს.
მომხდართან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უკვე მიმართა. მისი თქმით, წინადადებაში დეტალურად არის აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომლებმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ოთახში შევიდნენ და შეეცადნენ გაერკვიათ, რა ხდება. თუმცა, ნანუაშვილის ინფორმაციით, დაწესებულების თანამშრომელმა არ ისურვა მათთან გასაუბრება და კარი გარედაც ჩაუკეტა. სხვა შემთხვევაში, ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას, დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში, ასევე მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათების დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ.
ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მისივე თქმით, პარლამენტში ანგარიშის მოსმენისას სახალხო დამცველი მანდატის გაფართოებას მოითხოვს. კერძოდ, კი, დახურულ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებას.