ე.წ. ”იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 88 მილიონი ლარი ასესხა
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 188,8 მილიონი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 233 მილიონი ლარით მეტია.
ნოდარ ხადურმა ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრებს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
“გაზრდილია სახაზინო ვალდებულებების შესრულება და ჩვენ უკვე დავიწყეთ ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამა ბანკებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 88 მილიონი ლარია გამოშვებული. იანვარ-თებერვალში ეს იყო 44 მილიონი ლარი,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
აღნიშნული პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო ბანკებისგან სესხულობს ფულს და იმავე ბანკებს დაახლოებით +1%-ით მიასესხებს, ოღონდ ხანგრძლივი ვადით. შესაბამისად, ბანკს გრძელვადიანი ფინანასური რესურსი ფაქტობრივად 1% უჯდება და სახელმწიფოსაგან იღებს გარანტიას, რომ ამ ფულს არ დაკარგავს, რის შედეგადაც ბანკს ეძლევა შესაძლებლობა, დააფინანსოს გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ამ პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო წელს ბანკებისთვის 200 მილიონის სესხებას გეგმავს.
გარდა ამისა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ნოდახ ხადურმა განაცხადა, რომ პირველ ორ თვეში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი მთლიანად მილიარდ 145 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 154 მილიონი ლარით აღემატება.
”გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტი მოცულობით გაზრდილია სოციალური ხარჯები, რაც გამოწვეულია იმით, რომ წელი გაზრდილი პენსიებით და გაზრდილი სოციალური ვალდებულებებით დავიწყეთ. გარდა ამისა, დაწყებულია დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის 500 ლარიანი დახმარების გაცემა და ეს ყველაფერი აისახა ბიუჯეტის ხარჯებზე. გაზრდილია სხვა მიმართულებებიც”, – განმარტა ნოდარ ხადურმა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კაპიტალურ ხარჯებში არის ოდნავი შეფერხება, “რაც გამოწვეულია ამინდით, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს მიმართულებაც გაზრდილია”.
რაც შეეხება შემოსავლებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის პირველ ორ თვეში მობილიზებული თანხები პირველი კვარტლის გეგმის 56,6 ხოლო წლიური გეგმის 13,1 პროცენტია.
“ეს აბსოლუტურად ჯდება წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის გადანაწილების პარამეტრებში. 2013 წელთან შედარებით, დაახლოებით 110 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების სახით. პირველ ორ თვეში საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 954 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის წლიური გეგმის 14 პროცენტი. შარშანდელთან შედარებით 100 მილიონით არის გადაჭარბებული და 40 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლევანდელი გეგმა პირველი ორი თვისთვის”, – განაცხადა ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, გასული წლის იანვართან შედარებით, 65 მილიონი ლარით მეტია შემოსავლები წელს იანვარში, ხოლო თებერვლის შემოსავლები 35 მილიონით აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.