საიამ სტრასბურგის სასამართლოში გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე (Malachini and Others v. Russia, nos. 9184/09 and 22580/10, 23.06.2026) დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა.
,,დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება; გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნისთვის დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 395 000 ევროს გადახდა.
ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ომის აქტიური ფაზის დროს და დარღვევა დაადგინა [საზოგადოებისთვის განმვარტავთ, რომ სახელმწიფოთაშორის საქმეში სასამართლოს იურისდიქციის საკითხი კონფლიქტის აქტიური ფაზის (08.08.2008-12.08.2008) დროს კონვენციის მუხლების მატერიალურ დარღვევასთან დაკავშირებით არ დაუდგენია. ვრცლად იხილეთ საიას 2021 წლის მიმოხილვა].
ხაზგასასმელია, რომ საია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია აქტიურად იცავს სტრასბურგის სასამართლოში და მომავალშიც განაგრძობს მათ დახმარებას. საიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში 53 საჩივარი წარადგინა, სადაც საია 400-მდე პირის ინტერესებს იცავს.
ეს გადაწყვეტილება აერთიანებს ორ საჩივარს. კერძოდ:
ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ (no. 22580/10)
2008 წლის აგვისტოს თვეში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს ქართველი სამხედრო, გიორგი ანწუხელიძე. დაკავების დროს და შემდგომ იგი, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. გიორგი ანწუხელიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, 2008 წლის დეკემბრის თვეში დადგინდა, რომ გიორგი ანწუხელიძეს, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოუსპეს სიცოცხლე. მის მიმართ განხორციელებული ქმედების სისასტიკე დასტურდება პირდაპირი ვიდეო-მტკიცებულებებით, თუმცა, ამ დრომდე დამნაშავე პირები არ დასჯილან. საქმეში განმცხადებელი პირები არიან გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და ორი შვილი, რომელთა უფლებები შეილახა მათი ოჯახის წევრის გაუჩინარებითა და შემდგომში განსაკუთრებული სისასტიკით სიკვდილით დასჯის გამო.
მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (no. 9184/09)
2008 წლის აგვისტოს თვეში, ქ. ცხინვალში მიმდინარე შეიარაღებული მოქმედებების დროს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, დააკავეს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში 2008 წლის 19 აგვისტომდე. ამ პერიოდში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ მოქმედებებს რუსეთის კონტროლის ქვეშ და რუსი სამხედრო თუ ეთნიკური წარმოშობის პირების თანდასწრებით, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით,
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
სიცოცხლის უფლება
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ მოპასუხე სახელმწიფო (რუსეთი) იყო პასუხისმგებელი იმ პირების მიმართ, რომლებიც ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ეს წარმოადგენდა პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, სადაც რუსეთს ექსტრატერიტორიული იურისდიქცია და შესაბამისად ამ პირების სიცოცხლის დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები ცხინვალში, “სამხრეთ ოსეთის” ძალების მიერ იყვნენ დატყვევებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს განუყოფელი ნაწილია, 2008 წლის ომის დროს საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო იქ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და რეგიონზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული კონტროლისა და გავლენის გამო, სწორედ მათ უნდა ეგოთ პასუხი იმ სისასტიკეზე, რაც დატყვევებული ადამიანების მიმართ განხორციელდა.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 3 ქართველი სამხედრო ტყვე დაკავებული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა „ეფექტიან კონტროლს“.
საქმის მასალებზე დაყრდნობით, კახაბერ ხუბულურსა და უშანგი სოფრომაძესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ტყვეობაში მოკლეს. გიორგი ანწუხელიძესთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, იმ გარემოებას, რომ მისი ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის ნოემბერში, მისი დატყვევებიდან 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა.
ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები გაურკვეველი რჩება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლოს “სამხრეთ ოსეთის” ძალების პატიმრობაში ნახეს ძალადობისა და სიკვდილით დამუქრების დროს და სასამართლო ვარაუდობს, რომ ის ძალადობით სიკვდილამდე მიიყვანეს. მაშინაც კი, თუ რუსული ჯარების უშუალო მონაწილეობა ყველა ეპიზოდში ბოლომდე არ ჩანს, რუსეთი მაინც პასუხისმგებელია, რადგან ეს ადამიანები მათ იურისდიქციაში იმყოფებოდნენ. სასამართლომ გაიზიარა მოცემული არგუმენტაცია დანარჩენ მომჩივნებთან მიმართებითაც.
ზემოხსენებული ქმედებები განსაკუთრებით სერიოზულია იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩადენილი იქნა სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ, რომლებსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად განსაკუთრებული დაცვის სტატუსი აქვთ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა არ წარმოადგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები მიუთითებს შესაბამისი პირების სიკვდილით დასჯაზე, რუსეთის მთავრობამ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რომელიც უარყოფდა მოვლენათა ამ ვერსიას. შესაბამისად, ამ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ასპექტები.
წამების აკრძალვა
ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ დამკვიდრებულ სისტემურ სისასტიკეს. დადგინდა, რომ ქართველი სამხედროების წამება არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც კონვენციის მესამე მუხლის უხეში ხელყოფაა.
მომჩივნების მიერ მოწოდებული ჩვენების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება მათ მიმართ განხორციელებულ უკიდურეს ძალადობრივ ქმედებებს ტყვეობის დროს, და მათი ჩვენებების სისწორის დამადასტურებელი ვრცელი მასალის გათვალისწინებით,
სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ჩართული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლნი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელებულმა არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია „ძლიერი“ ტკივილი და ტანჯვა, რაც უნდა ჩაითვალოს წამებად კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში იყვნენ, ეს უკანასკნელი ასევე პასუხისმგებელი იყო სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებებზე, თითოეული ამ ქმედების „დეტალური კონტროლის“ დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის გარეშე.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ეს მოითხოვება კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად.
შესაბამისად, ამ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ასპექტები.
საქმის პრეცედენტული მნიშვნელობა
დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს ქმნის, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა ომის იმ ფაზაში დაადგინა, რომელზეც აქამდე კონტროლის არსებობას გამორიცხავდა. კერძოდ, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08) საქმეში სასამართლო მიიჩნევდა, რომ 8-12 აგვისტოს აქტიური შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდი „ქაოსის“ კონტექსტიდან გამომდინარე არ ექცეოდა რუსეთის სივრცითი იურისდიქციის ქვეშ, ახალი გადაწყვეტილებით ეს მიდგომა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეიცვალა. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლოკაციებზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა, ქალაქ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სასამართლომ რუსეთის ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცალსახად დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამხვილა “საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. „მცოცავი ანექსიის“ შესახებ, რაც დასტურდება ე.წ. „პასპორტიზაციის“ პროცესითა და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით, ასევე იმ ფაქტით, რომ სეპარატისტული მთავრობა და უშიშროების ძალები დაკომპლექტებული იყო რუსი მაღალჩინოსნებით და დე-ფაქტო მათ მიერ კონტროლდებოდა” (Malachini and Others v. Russia, nos. 9184/09 and 22580/10, 23/06/2026, §57).
საკომპენსაციო ფონდის შექმნის მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთი 2022 წლის მარტში ევროპის საბჭოდან გარიცხეს და იმავე წლის სექტემბრიდან კონვენციის მხარე აღარ არის, მას კვლავ ეკისრება მანამდე დაწყებულ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება. ეს პრინციპი დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2023 წლის აპრილში, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორის საქმეში (no. 38263/08) რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა. აღნიშნულზე დაყრდნობით, საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის შექმნა მოითხოვა.
ამასთანავე, 2024 წლის 26 იანვარს, საიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიმართა რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. საკონპენსაციო ფონდმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მის საზღვრებს გარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირება და იმ ადამინებისათვის გადაცემა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მიერ დაერღვათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საია განაგრძობს ომით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმებში, და, მათ შორის, აქტიურად იმუშავებს კომპენსაციის საკითხზე შესაბამისი ადვოკატირებისთვის,” – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.


