მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებს პირველი მოსმენით მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა.
დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ პირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით მიეცემათ.
რაც შეეხება ფულად ჯილდოს – ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობას ეხება. დღეს მოქმედი რედაქციით, მათი რაოდენობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ აღემატებოდა, ხოლო ცვლილებების თანახმად, ის 15%-მდე გაიზრდება. ცვლილება მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე არ გავრცელდება.
2018 წელს მიღებული მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აიკრძალა სახელფასო დანამატებისა და პრემიების (ფულადი ჯილდოს) გაცემა.
თუმცა აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება საჯარო სამსახურის ყველა თანამშრომელზე – ის ეხება მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს, ხოლო საჯარო მოხელეებსა და სხვა ადმინისტრაციულ პერსონალს, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ერიცხებათ პრემია და დანამატი. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს პრემია-დანამატებში ჯამში 527.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია

